Sunday, April 1, 2012

ისე დავბერდი,
ვეღარ ვნახე ტბეთი, შადბერდი...
ვერც არტანურჯი, ოშკი, ხახული...
როდის მოუვათ მათ გაზაფხული?
ვეღარ ვემთხვიე მესხეთის მიწას,
სადაც გმინავენ ძველი ლოდები,
სადაც აჩრდილნი მამა_პაპათა
შემოგვძახიან: თქვენ გელოდებით!
იქ ხე არა დგას, რომ არ ოხრავდეს,
_გაზაფხულია, რად არ აყვავდი!
იქ თვალი მხოლოდ ნანგრევებს ერთთვის
ჭოროხის კვნესას_ქვათა ღაღადი...
შავშეთის მთებზე ნისლი გადადის
კარჩხალის მთებზე ვხედავ არწივებს
და მათ ანგრეულ, აშლილ ბუდეებს,
ქარი უბერავს, ქარი აციებს...
მაგრამ გუგუნებს ქართულად მიწა,
და თუ გამხდარან დასანაცრები!
ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით
მესხეთის მთებზე დიდი ტაძრები.
რუსთველის მამულს, მერჩულეს მამულს,
ვერ მიგვტაცებენ შავ ზღვის ქურდები;
თუ ნაგუბარში ჩამდგარა წყალი
მე ჩემს მამულში ჩავსადგურდები.
გოგლა ლეონიძე

No comments:

Post a Comment